Quote image editor
“მე: (lamentandosi) რა აღარ ვისწავლე, რა არ გავიგე მთელი ამ წლების განმავლობაში, ამდენი მსხვერპლის ფასად, და წარმოიდგინე, რამხელა ძალისხმევად დამიჯდა! მალინა: რასაკვირველია, არაფერი გისწავლია. შენ ისწავლე, რაც უკვე იყო შენში, რაც უკვე იცოდი. გეცოტავება? მე: ეგებ მართალიც ხარ. ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უბრალოდ საკუთარ თავს ვიბრუნებ, ისეთს, როგორიც ოდესღაც ვიყავი. მეტისმეტად მსიამოვნებს ფიქრი იმ დროზე, როცა ყველაფერი მქონდა, როცა მხიარულება ნამდვილი მხიარულება იყო, როცა სერიოზული ვიყავი, კარგი სერიოზულობით. (quasi glissando) მერე ყველაფერი დაზიანდა, გაფუჭდა, გაცვდა, გაიქუცა და ბოლოს დაინგრა. (moderato) ნელ-ნელა გამოვსწორდი, შევავსე, რაც სულ უფრო მაკლდებოდა, და ვთვლი, რომ გამოვჯანმრთელდი. ასე რომ, უკვე თითქმის ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი. (sotto voce) მაგრამ ეს გზა რა საჭირო იყო? მალინა: სულ არ იყო საჭირო ეს გზა, კი ყველასთვის ხსნილია, მაგრამ არა ყველას გასავლელი. მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთ დღესაც გადანაცვლებულიყო კვლავ ნაპოვნი მე და მომავალი მე, რომელიც ძველი მე ვეღარ იქნება. დაძაბვის გარეშე, ავადმყოფობის გარეშე, წუხილის გარეშე. მე: (tempo giusto) საკუთარი თავის გამო აღარ ვწუხვარ. მალინა: ამას მაინც ველოდი, ეს უკვე საიმედო მიღწევაა. შენ გამო, რომელიმე ჩვენგანის გამო, ვინ იტირებდა? მე: საერთოდ რატომ ტირიან სხვების გამო? მალინა: ესეც უნდა მორჩეს, იმიტომ რომ სხვები ზუსტად ისევე არ იმსახურებენ, რომ მათ გამო ტიროდნენ, როგორც შენ არ იმსახურებ, რომ შენ გამო ვიტირო. რას გარგებდა, იმხანად ტიმბუქტუში ან ადელაიდაში რომ ეტირა ვინმეს კლაგენფურტელი ბავშვის გამო, რომელიც ნანგრევებში მოყვა, რომელიც ტბის პირას ხეების ქვეშ, მიწაზე იწვა, საჰაერო თავდასხმის დროს, და მერე პირველად ნახა თავის გარშემო მკვდრები და დაჭრილები. ამრიგად, სხვების გამო ნუ იტირებ, ისიც ეყოფათ, რომ საკუთარი ტყავი უნდა გადაირჩინონ ან რამენაირად გაიყვანონ ის საათები, რომლებიც მათ მოკვლამდე რჩება. მათ არ სჭირდებათ ცრემლები made in Austria. გარდა ამისა, ტირილი მერე იწყება, გაგანია მშვიდობის ხანაში, შენ ასე უწოდე ერთხელ ამ დროს, მყუდრო სავარძელში, როცა აღარ ისვრიან და აღარაფერი იწვის. შიმშილი სხვა დროსაც გიწევს, ქუჩაში, დანაყრებულ გამვლელებს შორის. კინოში სულელურ საშინელებთა ფილმს რომ აჩვენებენ, მართლა გეშინია. ზამთარში კი არ იყინები, არამედ ზაფხულის დღეს, ზღვის პირას. ეს სად მოხდა? ყველაზე მეტად როდის შეგცივდა? ეს ხომ მშვენიერი, ოქტომბრისთვის უჩვეულოდ თბილი დღე იყო, ზღვის პირას. ასე რომ, სხვების გამო გინდ მშვიდად იყავი, გინდ გამუდმებით იღელვე. ვერაფერს შეცვლი. მე: (piu mosso) მაგრამ თუ ვერას გახდები, ვერაფრით შეეწევი, აბა, რა უნდა ქნა? იმიტომ რომ მთლად ასე, არაფრის კეთება, არაადამიანური იქნებოდა. მალინა: სიმშვიდე შეიტანე შფოთვაში. შფოთვა შეიტანე სიმშვიდეში. მე: (dolente, molto mosso) ნეტა როდის დადგება ის დრო, როცა ამას მივაღწევ, როცა შემეძლება, ერთდროულად ვაკეთო და აღარაფერი ვაკეთო? როდის დადგება ის დრო, როცა ამისთვის დროს გამოვნახავ?! როდის დადგება დრო, როცა მცდარად არ გადავარჩევ, მცდარად არ შემეშინდება და არ დავიტანჯები, უაზროდ არ დავფიქრდები, გამუდმებით და უაზროდ აღარაფერს დავუფიქრდები. (tutte le corde) ასეა? მალინა: როგორც გენებოს. მე: აღარ გკითხო? მალინა: ესეც კითხვაა.” — Ingeborg Bachmann